არჩილ კაიკაციშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს მცდარი ინფორმაციის ტირაჟირების უარყოფაზე დროს აძლევს

29 ივლისი, 2016

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს მიმართავს და დაშვებული განზრახი თუ გაუფრთხილებელი შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, 2016 წლის 28 ივლისს, 20:00–საათიან საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გადაიცა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე სასამართლო სხდომის შედეგებს. სიუჟეტში ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ „მოპასუხე მხარეს, პაპუაშვილის ადვოკატი და ეკონომიკის სამინისტროს იურისტი წარმოადგენდნენ, რომლებიც მოსარჩელის მხარის არგუმენტებს სუსტად მიიჩნევენ“ (სტილი დაცულია).

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში, ვინაიდან ჟურნალისტს არ გააჩნია არავითარი დადასტურებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული აღმოჩდეს მოპასუხე მხარის ადვოკატების რომელიმე შეფასებასთან. აღნიშნულ დავაზე, როგორც გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურისტი, მედიასთან არ თანამშრომლობს. ისინი მთელი პროცესის განმავლობაში, დავის არც ერთ გარემოებაზე კომენტარს არ აკეთებენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერც 28 ივლისის სხდომაზე შეძლო მხარის წარმომადგენლების დათანხმება კომენტართან დაკავშირებით. მოსარჩელემ 45–წუთიანი დასკვნით სიტყვაში, სრული დასაბუთება წარმოადგინა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებისა და გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ მფლობელობასთან დაკავშირებით. არჩილ კაიკაციშვილის სიტყვა, ელექტრონული სახით, უახლოესს დღეებში საჯარო გახდება საზოგადოებისთვის, რომელსაც პროფესიულ წრეებში, დავასთან მიმართებით, უკვე შეფასდა, როგორც საპროგრამო. შესაბამისად, ჟურნალისტს და არც მაუწყებელს არ გააჩნდა არავითარი საფუძველი საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინა. მეტიც, ჟურნალისტი მთელი სხდომის მანძილზე იმყოფებოდა დარბაზში და თავად უნდა შეეფასებინა მხარეთა დასკვნითი სიტყვის ხარისხი, გამონათქვამები. დასკვნით სხდომაზე, დავის მონაწილე არც ერთ მხარეს ერთმანეთის გამოსვლის უპირატესობებზე არ უსაუბრიათ. ამიტომაც, გაუგებარია, რას დაეყრდნო მაუწყებელი, როდესაც თავს უფლება მისცა მოპასუხეების სახელით მოსარჩელის მხრიდან დასკვნითი სიტყვა სუსტად შეეფასებინა.

როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი მოითხოვს:

  1. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განმარტება გააკეთოს სიჟეტში გამოთქმულ შეფასებასთან დაკავშირებით, წარმოადგინოს მხარის ადვოკატების: გოჩა გოგიშვილისა და სვიმონ ფირცხალაიშვილის განცხადებები, სადაც ისინი არჩილ კაიკაციშვილის დასკვნითი სიტყვის მიმართ გამოთქვამენ შეხედულებას;
  2. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელმა განმარტება გააკეთოს 2016 წლის 2 აგვისტომდე. მისაღებია საკითხზე წერილობითი გამოხმაურება;

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საკითხზე იგნურირების შემთხვევაში, არჩილ კაიკაციშვილი დაიწყებს სამართლებრივ დავას და მიმართავს საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს. 



კომენტარები