არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერს, ეკონომიკის მინისტრსა და გიორგი პაპუაშვილს პეტიციით მიმართავენ

2 აგვისტო, 2016

არასამთავრობო ორგანიზაციები პეტიციით საქართველოს პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ნების გამოხატვისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 10–ზე მეტი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

„ჩვენ, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაცია, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ურთიერთთანხვედრი ნაბიჯის გადადგმისკენ და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებისთვის. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ქონებრივი დავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე. დავა სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, ვინაიდან მოპასუხე სახელმწიფოსთან ერთად, მოსამართლეა. 2007 წლის ივნისში, გიორგი პაპუაშვილს სადავო ქონება სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გადაეცა, რასაც ითვალისწინებდა კანონი, თუმცა კანონი არ ითვალისწინებდა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას. მოქალაქეს სახლი შეძენილი ჰქონდა 1999 წელს, ნოტარიულად დამტკიცებული 2000 წელს, 2004 წელს კი, სასამართლომ ქონება უკანონოდ და დაუსაბუთებლად სცნო და ჩამოართვა. სასამართლო ეტაპზე სადავოა ქონების გადაცემის პროცესში გიორგი პაპუაშვილის, როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენისა და მფლობელის საკითხი. სახელმწიფომ 2013 წლის აპრილში, როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ სცნო. შესაბამისად, დანაშაული, რომლის საფუძველზეც სადავო ქონება მოქალაქეს ჩამოერთვა, არც არასდროს ყოფილა ჩადენილი. ცხადია, სახელმწიფო არამართლზომიერად მოიქცა, ადგილი ჰქონდა მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფას და მასთან დაკავშირებული კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას, თუმცა სახელმწიფომ ვერც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ უზრუნველყო მოქალაქის კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილა, რასაც მოწმობს როლანდ ბლადაძის სარჩელი სასამართლოში.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ სადავო ქონების საკითხზე, ერთის მხრივ თავად უნდა მოახდინოს სადავო აქტების ბათილობა და აღადგინოს სამართლიანობა, მეორე მხრივ გამოვიდეს ინიციატივით გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზების წინადადებით. გიორგი პაპუაშვილი, როგორც საჯარო მოხელე, ვალდებულია, ალტერნატიული ფართის მიღება მოახდინოს, სადავო ქონება დაუბრუნოს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ქონება გადასცეს როლანდ ბლადაძის ოჯახს. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს თავისი მოვალეობების შესრულება, ხოლო ინსტიტუციებმა პატივი სცეს მოქალაქის კანონიერ ინტერესებსა და უფლებას. აღნიშნული დავა უნდა დასრულდეს სახელმწიფოებრივი მიდგომით, მორიგების გამოყენებით, პოლიტიკური გარჩევებისა და სასამართლოზე შესაძლო ზემოქმედების გამორიცხვით. ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები, მზად ვართ სახელმწიფოს და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შევასრულოთ კომუნიკაციის პოზიტიური როლი, რომელიც ნაკრანახევია ქვეყანაში მეტი დემოკრატიის არსებობით, კანონის უზენაესობისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

პეტიციას ხელს აწერს: „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“, „კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის“, „ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „ახალგაზრდული ცენტრი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“, „საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება“, „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“ და „ახალგაზრდა ადვოკატები“.

არასამთავრობო ორგანიზაციების პეტიცია ადრესატებს ოფიციალურად 3 აგვისტოს გაეგზვანებათ. 



კომენტარები