„ახალგაზრდა ადვოკატები“ პოლიტიკურ პარტიებს ხელმოსაწერად პეტიციას სთავაზობს

4 აგვისტო, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი პეტიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელიც სახელმწიფოსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე პოზიციის დაფიქსირებას ეხება.

წერილის ადრესატები საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილია.  

ორგანიზაციის პოზიციით, პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს არჩევნებზე მოსახლეობის ნდობის მიღებით აპირებენ, ხალხს ღიად ჰპირდებიან ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლიანობის აღდგენას, საკუთრების უფლებების ხელშეუხებლობას, აღნიშნულ გახმაურებულ საქმეზე პოზიციის დაფიქსირებით, საკუთარი პრინციპებისა და გულწრფელობის დადასტურებას, საჯაროდ კიდევ მეტად უზრუნველყოფენ.  

მოცემულ ეტაპზე, პეტიცია მიწოდებულია საქართველოში მოქმედი შემდეგი პარტიების მიმართ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“, „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „გირჩი“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული დასი“, „მემარცხენე ალიანსი“, „რესპუბლიკური პარტია“, „რეფორმატორები“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. პეტიცია პარტიებს მიეწოდათ მათ ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ცალკეული პარტიის ლიდერებთან შედგა შეხვედრებიც. პარტიებს ეთხოვათ გონივრულ ვადებში პოზიციის წარმოდგენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებისთვის საჯაროს ხდის პეტიციის ტექსტს:

„ჩვენ, საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და საარჩევნო პროგრამების მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის, განვითარებისა და სტაბილურობიდან გამომდინარე, ქვეყანაში უზენაესად ვთვლით ადამიანის უფლებების დაცვას, საკუთრების უფლების უზრუნველყოფას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას. დემოკრატიის ხარისხსს განსაზღვრავს სასამართლოს მოქმედებები და არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებები. საზოგადოებას, ჩვენი ბოლო წლების ისტორიიდან, არაერთი რეზონანსული საქმე ახსოვს, რომლის მიმართაც, სასამართლო სისტემაც და ხელისუფლებაც, ფუნდამენტური უფლებების დარღვევით გამოირჩეოდნენ.

2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად წარმოჩნდა საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სისტემური დანაშაულებების მასშტაბი. მათ შორის, ჩვენმა არაერთმა დაზარალებულმა მოქალაქემ ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მიმართა საერთო სასამართლოებსა და მთავარ პროკურატურას. აღნიშნული საქმეებიდან დღემდე მაღალი საჯარო ინტერესით სარგებლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ქონებრივი დავა.

მიგვაჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში, სახელმწიფომ სრულფასოვნად ვერ შეასრულა მოქალაქის დარღვეული უფლების აღდგენისკენ მიმართული ვალდებულებები. 2013 წლის 12 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, როლანდ ბლადაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში გამართლდა, ხოლო დანაშაული, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება ჩამოერთვა, დადგინდა, რომ ქონების ჩამორთმევისთვის საფუძვლად მიჩნეული დანაშაული, მოქალაქის მხრიდან არც არასდროს ჩადენილა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კი მყისიერად გააჩნდა ვალდებულება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გადაეცა, მოქალაქის წინაშე აღედგინა სამართლიანობა, გიორგი პაპუაშვილს კი სადავო ქონება დაეთმო სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოს კი – როლანდ ბლადაძის ოჯახისთვის დაებრუნებინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და რეპუტაციულად ძლიერი საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა არ შეიძლება კანონის უზენაესობის პრინციპებიდან თუ ადამიანის საკუთრების უფლებებიდან გამომდინარე, რომელიმე ინსტიტუცია ან საჯარო პირი კონფლიქტში აღმოჩნდეს კანონთან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ვერ შევქმნით ვერც თავისუფალ სასამართლო სისტემას და ვერც კანონის დამცველ ხელისუფლებას. ამიტომაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ნდობის საკითხებიდან გამომდინარე, გვსურს მივმართოთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მოქალაქის ქონებრივი უფლებებიდან, სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპების გათვალისწინებით, გადადგან სახელწიფოებრივი ნაბიჯები. ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ გიორგი პაპუაშვილს უნდა გადასცეს ალტერნატიული უძრავი ქონება, გიორგი პაპუაშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნოს სადავო ქონება, როლანდ ბლადაძე უნდა აღდგეს თავის ქონებრივ და კანონიერ ინტერესებში, ვინაიდან ასეთია დღევანდელი ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნება – ცხოვრობდნენ სამართლიან გარემოში, სადაც კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები იქნება დაცული“.

 



კომენტარები