საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელემა წაახალისა ოკუპაცია, სასამართლომ – რუსული აგრესია

14 აგვისტო, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მაუწყებელმა, საჭირო დროს, კიდევ ერთხელ ვერ შეძლო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აღიარებულ პრინციპებთან მიმართებით, ხალხის სუვერენული უფლების დაცვა და ხელი შეუწყო საქართველოს ოკუპაციის შესახებ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის გავრცელებას და ტირაჟირებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელთა შეფასებებს, თითქოსდა არ არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება ქვეყნის ოკუპაციის დაკანონების თაობაზე საარჩევნო კლიპის ეთერიდან მოხსნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, პოლიტიკური პარტიისთვის ცალსახად ყოფილიყო განმარტებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი არსიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, არსებული ოკუპაციისა და ეროვნული სუვერენიტეტის გათვალისწინებით, სწორედ სამართლის და კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, არ მოახდენდა ანტისახელმწიფოებრივი საარჩევნო რეკლამის გავრცელებას, თუმცა მორიგ ჯერზეც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქცევის და გადაწყვეტილების მაღალი სტანდარტი ვერ აჩვენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ანტისახელმწიფოებრივი კლიპის გავრცელებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლებიც გააჩნდა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შინაარსობრივი ვალდებულებების ჩამონათვალში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. ამასთან, უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. მაუწყებელს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე–6 მუხლის მიხედვითაც, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“. შესაბამისად, თუკი რომელიმე კანონი ცალსახად არ განსაზღვრავს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საკითხებს, ქვეყნის სუვერენიტეტის თაობაზე მაუწყებლის იურისტებს შეეძლოთ საქართველოს კონსტიტუციას გაცნობოდნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით წერეთლის 2016 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა პოლიტიკური სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზეც და აღნიშნულ სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ყოვლად აღმაშფოთებელს უწოდებს. ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ, რომ ახალი მოსამართლე დავით წერეთელი იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს. ამჟამად, მოსამართლე დავით წერეთელმა მიიღო საქართველოს სუვერენიტეტის წინაარმდეგ მიმართული მართლმსაჯულების აქტი. მიუხედავად მისი არგუმენტებისა, ვერც მოსამართლემ შეძლო გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან დანახულიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს სასამართლო ხელისუფლებას, განმარტებები გაკეთდეს მოსამართლე დავით წერეთლის გადაწყვეტილების თაობაზე. ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეთერიდან მოხსნას ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური რეკლამა. 



კომენტარები