ეკონომიკის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების პეტიციას პასუხობს

19 აგვისტო, 2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე 10–ზე მეტ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციას პასუხობს, რომელთა ოფიციალური პეტიციაც საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2016 წლის 3 აგვისტოს გაეგზავნა.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე და დღესაც, გამოთქვამს მზადყოფნას მითითებული დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. დავაში მონაწილე ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებითა და უფლებათა დაცვით“ – ნათქვამია სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 18 აგვისტოს წერილში (04/5172), რომელსაც ხელს დეპარტამენტის უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი აწერს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2016 წლის 3 აგვისტოს, 10–ზე მეტმა დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ღია პეტიციით მიმართეს და მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ნების გამოხატვისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაცია, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ურთიერთთანხვედრი ნაბიჯის გადადგმისკენ და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ სადავო ქონების საკითხზე, ერთის მხრივ თავად უნდა მოახდინოს სადავო აქტების ბათილობა და აღადგინოს სამართლიანობა, მეორე მხრივ გამოვიდეს ინიციატივით გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზების წინადადებით. გიორგი პაპუაშვილი, როგორც საჯარო მოხელე, ვალდებულია, ალტერნატიული ფართის მიღება მოახდინოს, სადავო ქონება დაუბრუნოს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ქონება გადასცეს როლანდ ბლადაძის ოჯახს. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს თავისი მოვალეობების შესრულება, ხოლო ინსტიტუციებმა პატივი სცეს მოქალაქის კანონიერ ინტერესებსა და უფლებას. აღნიშნული დავა უნდა დასრულდეს სახელმწიფოებრივი მიდგომით, მორიგების გამოყენებით, პოლიტიკური გარჩევებისა და სასამართლოზე შესაძლო ზემოქმედების გამორიცხვით. ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები, მზად ვართ სახელმწიფოს და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შევასრულოთ კომუნიკაციის პოზიტიური როლი, რომელიც ნაკრანახევია ქვეყანაში მეტი დემოკრატიის არსებობით, კანონის უზენაესობისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

პეტიციას ხელს აწერს: „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“, „კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის“, „ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „ახალგაზრდული ცენტრი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“, „საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება“, „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“ და „ახალგაზრდა ადვოკატები“.

ცნობისთვის: 2016 წლის 5 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიამ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფოსა და გიორგი პაპუაშვილს შორის 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური. ამასთან, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება. 



კომენტარები