„ახალგაზრდა ადვოკატები“ – სააპელაციო სასამართლო ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმის განხილვას 6 სექტემბერს დაიწყებს

23 აგვისტო, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სააპელაციო საჩივარს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლო 2016 წლის 6 სექტემბერს განიხილავს. აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციას სასამართლოდან უკვე ეცნობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისს მიმართეს, რითაც გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს სასამართლომ ბათილად სცნოს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, რითაც ორგანიზაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის „ყველა ხმა მომგებიანია“ დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასევე, საჩივრით მოთხოვნილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერის განკარგულების #170/2015 ბათილად ცნობა, რომლმაც ძალაში დატოვა სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანება. ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს სასამართლოს განიხილოს ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მოქმედებები ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამაც დაარღვია ადმინისტრაციულის სხდომის საჯაროობის პრინციპი. ორგანიზაცია სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს განკარგულებას, სწორედ ზემოაღნიშნული საჯაროობის უზრუნველყოფის დარღვევის გამოც, უკანონოდ მიიჩნევს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ცესკოს დაქვემდებარებული „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ საქმიანობის შეფასების მიმართ საზოგადოებრივი დისკუსია 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო, რა დროსაც, შესწავლილ იქნა სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკა და აღმოჩნდა, რომ გრანტის სახით გაცემული სახელმწიფო თანხის გამოყენება ხდებოდა არაეფექტურად, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაუცველად, ხოლო საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სამოქალაქო ორგანიზაციები მუდმივად ერთი და იგივე იურიდიული პირები იყვნენ. ორგანიზაციამ მაშინ განაცხადა, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ ყოფილა როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის განმავლობაში, ორჯერ მიიღეს მონაწილეობა ცესკოს დაქვემდებარებული სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ორგანიზაციის საპროექტო წინადადება არც ერთ ეტაპზე არ დაფინანსდა. ორგანიზაცია საკითხის ანალიზმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სწავლების ცენტრში ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის არაკეთილსინდისიერი ფორმით ახლობელ ორგანიზაციებზე გაცემის ფაქტები და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების ყოფილ ხელისუფლებასთან და ყოფილ სახელისუფლებო პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბიოგრაფიულად დაკავშირებული კონტაქტები, რომელიც არც ახლა ქმნის სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის გამჭვირვალობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არ შეიძლება დაძლეულიყო ან შეცვლილიყო საზოგადოებრივი აზრის სწორი ფორმირების გარეშე, რეალობის მხილებისა და თანამდებობრივი ცვლილებების გარეშე. სწორედ ამიტომაც, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი სტრატეგიული მოსაზრებით დაენახა, საკითხი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, გამხდარიყო საერთო სასამართლოების განხილვის საგანი და საქართველოს მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის პროცესში, სწავლების ცენტრის უთანასწორო და დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შესაცვლელად, საქმიანი წინადადებებით წარმსდგარიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განაკუთრებული მოტივაციით აგრძელებს ბრძოლას ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკისა და იმავდროულად, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტების არსებობისათვის. ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმე იქნება ცვლილებებისა და მომავალი საკადრო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩვენ, ამ ბრძოლაში, საზოგადოებასთან ერთად ვართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს მოსამართლე ნათია ქუთათელაძე განიხილავს. სასამართლო სხდომა 12:30 საათზე, #1 დარბაზში გაიმართება.



კომენტარები