მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ლისის ტბის წართმევის საქმეზე მამუკა ხაზარაძის, მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავას და სხვა მოქმედი პირების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

20 სექტემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის” მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს 20 სექტემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს საქმის შედეგის მიმართ, დაინტერესებაში და მიკერძოებულ წარმართვაში ადანაშაულებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“, რომელიც საქმეზე სასამართლო მონიტორინგს ახორციელებს, რამაზ ახვლედიანის მიმართ, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე აკეთებს აქცენტს. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლე თავისი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, მხარეს არ აძლევს შესაძლებლობს სრულფასოვნად წარმოადგინოს საქმესთან შემხებლობაში არსებული მტკიცებულებები და მოწმის სახით დაიკითხონ ადამიანები, რომლთა მონაწილეობითაც, ბიზნესმენსს 2006 წელს ქონება და ბიზნესი დაათმობინეს. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ 20 სექტემბრის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ცალკეული საჯარო მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და რამაზ ახვლედიანის ბიზნეს პარტნიორების მოწმის სახით დაკითხვას. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოწმის სახით დაკითხულიყო რამაზ ახვლედიანის ბიზნეს–პარტნიორი, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პრეზიდენტი 2004–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი 2005–2013 წლებში, გიგი უგულავა, მაშინდელი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებლები, ნოტარიუსი, რომელთანაც ღამის საათებში მოხდა იძულების შედეგად დათმობილი ქონების და ბიზნესის გადაფორმება. მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა დაუსაბუთებლობისა და საქმესთან შემხებლობის არქონის მოტივით, არ დააკმაყოფილა. სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტებაც მოითხოვა და აღნიშნა, რომ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულება რამაზ ახვლედიანის მიმართ 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ადმინისტრაციული წარმოების გზით, უნდა დავალებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევა და შეფასება, ახალი აქტის გამოცემა სადავო ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში. მოსამართლემ დიანა ფარქოსაძემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება სამოქალაქო განსჯადობის ნაწილად მიიჩნია, რაც პირდაპირ წარმოადგენს მხარის უფლების შეზღუდვას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83–ე მუხლის მე–2 ნაწილის სასამართლოს მხრიდან შეგნებულ დარღვევას.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე საქმეს 2015 წლის 12 ნოემბრიდან განიხილავს. დავის საგანს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენს. ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს 2006 წლის 4 ნოემბერს, მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში განცხადება დააწერინეს, რითაც, სახელმწიფომ მოქალაქეს, როგორც ქონება, ასევე ბიზნესი დაათმობინა. რამაზ ახვლედიანს განცხადება საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის სახელზე დააწერინეს. განცხადებაზე რეგისტრირებულია მისი თვითმმართველობის ორგანოში ოფიციალური რეგისტრაციის ნომერიც და თარიღიც. დოკუმენტი მიუთითებს, რომ თბილისის მერიაში, რამაზ ახლედიანის განცხადება რეგისტრირებულია განცხადებაზე ხელმოწერიდან მეოთხე დღეს - 8 ნოემბერს. წარმოდგენილი დოკუმენტი პირველი საჯარო დადასტურებაა, თუ როგორ ხდებოდა ქონების დათმობაზე მესაკუთრეთა განცხადებების მომზადება. ორგანიზაციამ აღნიშნული დოკუმენტი, მრავალთვიანი კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო. სწორედ აღნიშნულის შემდგომ განახლდა სასამართლო დავაც.

როგორც პროცესამდე დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიზნესმენმა რამაზ ახლედიანმა განაცახდა, 2006 წლის 4 ნოემბერს, ის დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე. ლისის ტბაზე წართმეული ქონების ამჟამინდელი მფლობელი კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტი", რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი. ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის მერიისა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დღევანდელ თანამშრომლობაზე, რომელიც მიმართულია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ და აღნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი მოცემულობა, როდესაც საკუთრების დათმობას ხელი შეუწყეს იმ ბიზნეს-პარტნიორებმაც, რომლთა მოქმედებებშიც სახელმწიფოსთან ფარული გარიგებები იკვეთება. ორგანიზაცია გამოთქვამს მოტივირებულ ვარაუდს, რომ შესაძლებელია გავლენის სფერო მოსამართლის მიუკერძოებლობაზე მოქმედებდეს. სასამართლომ ვერ შეძლოს პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 20 სექტემბრის პრესკონფერენციაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე თბილისის მერიის სამართლებრვი პოზიცია სისტემური დანაშაულის მხარდაჭერაზეა გათვლილი. ორგანიზაციამ მოითხოვა, მერმა დავით ნარმანიამ პასუხი მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის იურიდიულ სამსახურს, რომელიც სასამართლოში წარმოდგენილი სამართლებრივ პოზიციაში ანვითარებს მსჯელობას, რომ რამაზ ახვლედიანს თითქოსდა პირადი სურვილი ამოძრავებდა, დაეწერა განცხადება და დაერეგისტრირებინა თბილისის მერიაში. თბილისის მერიის დღევანდელი პოზიცია მხოლოდ ცინიკური დამოკიდებულებაა ქონებაჩამორთმეულის საქმეზე.

ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი საკუთარი ქონებრივი უფლებების აღდგენას საქართველოს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტის მეშვეობითაც ცდილობს და საქმეზე გააჩნია კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი. „ლისის ტბის“ წართმევის საქმეზე ორგანიზაციამ 2015 წელს სპეციალური ანგარიშიც მოამზადა, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე განახლდება. 



კომენტარები