ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევა შესაბამისობაში იყო არჩევნების გამჭვირვალობასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა თავისუფალ გარემოში. ადგილი არ ჰქონია ხარვეზებს, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე და ნების თავისუფალ გამოვლენაზე შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ეფექტურად იმუშავა უნივერსიტეტის საარჩევნო ადმინისტრაციამაც.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურის საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. გიორგი შერვაშიძემ მიიღო 21 ხმა, გიორგი ბარამიძემ – 6, ცირა ბარამიძემ – 5, ხოლო 4 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნები უნივერსიტეტში 14.00 საათზე დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 36-ვე წევრმა მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად ჩაერთო თსუ–ში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგის პროცესს. ორგანიზაცია აკვირდებოდა აკადემიური საბჭოს და უნივერსიტეტის კანცლერის შერჩევის პროცესსაც და წარმოადგინა საკუთარი შეფასებები.
თსუ–ში რექტორის თანამდებობაზე სამი პრეტედენტი იყო – ცირა ბარამიძე, გიორგი ბარამიძე და გიორგი შარვაშიძე. ორგანიზაცია ყურადღებით დააკვირდება ახალი რექტორის საქმიანობას და წარმოდგენილი საპროგრამო თეზიების შესულების საკითხს, ვინაიდან „ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული საქმისწარმოების შემადგენელი ნაწილია განათლების სისტემა და არსებული საკითხების კვლევა.