ადამიანის უფლებების დაცვის რეალური სტრატეგია არჩევნებში მონაწილე მხოლოდ 4 პარტიას გააჩნია

4 ოქტომბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მთავარი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ანალიზსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დაცვის და განვითარების ინსტიტუციური მიდგომები მხოლოდ ოთხ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში იკითხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ სვიმონიშვილის განცხადებით, პარტიების საარჩევნო პროგრამებში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები, ძირითადად წარმოდგენილია პოლიტიკური უფლებების, სამოქალაქო უფლებებისა და სოციალური უფლებების დაცვის უზრუნველყოფით. საარჩევნო პროგრამების ზოგადი, დეკლარირებული პრინციპები ეფუძნება ქვეყანაში უფლებების დაცვის პრიორიტეტულობის საკითხს, თუმცა ცალკეული პარტიების საარჩევნო პროგრამებში მეტი მსჯელობა ეთმობა იმ უფლებების დაცვის საკითხებს, რომელიც მათი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისთვის განმსაზღვრელი იქნება. ორგანიზაციამ შეისწავლა 10 პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პროგრამა, დასკვენები გააკეთა წარმოდგენილ ხედვებზე და შეაფასა მათი სტრატეგიების რელევანტურობის და მიღწევადობის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა ეფუძნება პიროვნების ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის სტრატეგიას. პარტიული საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საკუთრების უფლებების დაცვისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნის დაპირება. ორგანიზაცია მნიშვნელოვან პირობად განიხილავს სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებას და ამ მიმართულებით წარმოდგენილ მექანიზმს („თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“). ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილად უნდა შეფასდეს სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების ფორმებიც –  მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის წესისა და, დისციპლინური წარმოების პროცედურების დახვეწა, საქმეების შემთხვევითობის წესით გადანაწილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის რეფორმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის გავრცელება მომიჯნავე მუნიციპალტეტების ტერიტორიაზე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნება კომერციული კოლეგიები და პალატები, რომლებიც განიხილავენ კომერციულ დავებს. აღნიშნულით მკვეთრად უნდა გაიზრდოს მართლმსაჯულების ხარისხი კომერციულ დავებზე და მან ხელი შეუწყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამა მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ფართო მიმართულებებზეც მსჯელობასაც, თუმცა მოცემულ ეტაპზე, მიგვაჩნია, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს პროგრამის მთავარ პირობებსა და დაპირებებზე.

მონიტორინგი ყურადღებას მიაქცევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაში ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სამოქამედო გეგმას, რომელიც ეხება  უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევებისა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელ, თუმცა საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკური სამსახურის შექმნას. ორგანიზაცია პროგრამაში წარმოდგენილ აღნიშნულ მექანიზმს ბუნდოვანს უწოდებს, ვინაიდან პროგრამაში აღიარებულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, აღნიშნულ სამსახურს ექნება ფარული მიყურადების განხორციელების ფუნქცია. პროგრამაში საუბარი არ არის ინიციატივის მეტ სიცხადეზე. ამასთან, პარტია მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, როგორც დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, გეგმავს ზედა ინსტანციის სასამართლოებში უცხოელი მოსამართლეების მოწვევას, რომლებიც უნდა დაინიშნონ განსზღვრული ვადით და ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი მოსამართლეებით. სტატეგიაში საუბარი არ არის უცხოელი მოსამართლეების საქმიანობის ეფექტზე, რომელიც პირდაპირ უნდა აისახოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე. ამასთან, პარტიის აღნიშნული ნოვაცია ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ქართულ ენაზე განხორციელების კონსტიტუციურ პრინციპს. პროგრამაში მისაღებია მოქალაქის მიერ სახელმწიფოსთან მოგებული დავის შემთხვევაში, სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯების სახელმწიფოს მიმართ დაკისრების წინადადების შემოტანა. ამასთან, მისაღებია სასამართლო სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების დაპირების საკითხიც. პროგრამაში კონკრეტულადაა წარმოდგენილი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები, თუმცა არსებობს ბევრი საკამათო დებულება, რომელსაც პროგრამაში კონკრეტული დასაბუთება არ გააჩნია.

„რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო პროგრამაში აქცენტს აკეთებს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვის საკითხებზე. ამასთან, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორუფლებიანობის საკითხებზე. პროგრამაში რეალისტურადაა წარმოდგენილი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მექანიზმი. პარტია აქცენტს აკეთებს განათლების უფლების უზრუნველყოფაზე და სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, რომლის განხორციელებისთვისაც შემოთავაზებულია კონსტიტუციური ცვლილებებიც. პროგრამაში საუბარია „რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ ეროვნულ დონეზე რატიფიცირებისა და ხელმოწერის საჭიროებაზე, ამ მიმართულებით ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმოებაზე, თუმცა პროგრამაში არ არის შეფასებული პროცესის თანმდევი რისკები და გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და ზემოაღნიშნული ეფექტური საინფორმაციო კამპანიის შინაარსი.

„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი სოციალური უფლების არსიდან გამომდინარეობს და მოიცავს არაერთ სფეროს, თუმცა პარტია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სიღარიბის დაძლევის, სოციალური პოლიტიკის, სოციალური დახმარების, საპენსიო პოლიტიკისა და განათლების უფლების რეალიზების საკითხებზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარტიის მიერ წარმოდგენილი თეზისები რეალისტურია და სამომავლოდ მოითხოვს მეტ საკანონმდებლო ჩარჩოს.

ადამიანის უფლებების დაცვის ფართო სტარტეგიაა წარმოდგენილი „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამას აქვს სოციალური პროგრამის პრეტენზია და მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის ყველა მიმართულებით ცვლილებების გარკვეულ მეთოდოლოგიას. პარტიის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია საბანკო სფეროსთან მიმართებით ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატური საკითხებიც. ამ მიმართულებით, საუბარია არაადეკვატურად საპროცესო განაკვეთების შემცირებაზე და ბანკებისთვის ერთადერთი საცხოვრისის გასხვისების აკრძალვაზე არასრუწლოვანი და ქმედუუნარო წევრების წილის გამოყოფის გარეშე, თუმცა პარტიის პროგრამაში, აღნიშნულ დაპირებას არ აქვს სამართლებრივი დასაბუთება.

სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო პროგრამაში 90–იან წლებში დაკარგული ანაბრების ეტაპობრივად, 10 წლის განმავლობაში გაცემის პირობასაც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამა წარმოადგენს პრინციპების ერთობლიობას, რომელიც, მართალია, მოიცავს ადამიანის უფლებების სფეროს ფართო გაგებას, თუმცა საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი არ არის მისი განხორციელების გეგმა და მეთოდოლოგია. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს უბინაო და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სახელმწიფო ფართით დაკმაყოფილება, რას გულისხმობს ახლადდაქორწინებულთა ხელშეწყობის ფონდი, რა სამართლებრივი მეთოდოლოგიით უნდა მოხდეს ყოველწლიურად სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 4000 ათასი ოჯახის მიმართ ბინის ჩუქება და როგორ გეგმავს პარტია 2004–12 წლებში წართმეული ქონების მესაკუთრეების მიმართ ზარალის ანაზღაურების პროცედურებს.

ანაბრების დაბრუნების საკითხს და სოციალური უფლებების თანასწორობაზეა აგებული „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო პროგრამაც. პარტიის საარჩევნო პროგრამა შეფასებითი დოკუმენტია, რომელიც 1990–იანი წლებიდან დღემდე არსებული მმართველობის სისტემური მანკიერებების წარმოდგენაზეა დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, პარტიისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება საპენსიო რეფორმა, საბანკო რეფორმა, მთის რეგიონების განვითარება და სხვა.

ადამიანის სოციალურ უფლებებზეა ორიენტირებული „სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო პროგრამაც, თუმცა ორგანიზაციისთვის გაუგებარი ხდება, როგორ უნდა უზრუნველყოფს აღნიშნულმა საარჩევნო ბლოკმა სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის შედეგად თანხების განაწილება მოქალაქეებზე, ძვირადღირებული სახელმწიფო აქტივების ხალხის მიმართ აქციების სახით გადაცემა და რამდენად რაციონალურია საკითხი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შუამდგომლობითაც საქართველოში ჩაიდება უცხოური ინვესტიცია, სახელმწიფოსგან ბონუსის სახით მიიღებს ინვესტირებული თანხის 2.5%–ს.



კომენტარები