ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების: დიანა ფარქოსაძის, ტარიელ ტაბატაძისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძის შესაძლო კორუფციული სამართალდარღვევის, მოსამართლის მოვალეობების შუსრულებლობისა და თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულების ინტერესების საზიანოდ გამოყენების ფაქტებზე, დისციპლინური დევნის მოთხოვნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარს შეიტანს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების სამმა მოსამართლემ - დიანა ფარქოსაძემ, ტარიელ ტაბატაძემ და ნინო ქადაგიძემ განიხილეს მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილის მიმართ. პროცესის მიმდინარეობის დროს, მხარემ მოახდინა იმ დარღვევების იდენტიფიცირება, რომელიც ცდება კანონის ინტერპრეტაციისა თუ მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირების საკითხებს. მხარე დეტალურად მსჯელობს სამი მოსამართლის იმ მოქმედებების შესახებ, რომელიც არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და არ გამომდინარეობს მისი დაცვის ღირსებიდან, ერთ შემთხვევაში ტოვებს კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ნიშნებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საფუძვლიანად დაისმის საკითხი, შესწავლილ იქნეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ოჯახის მიერ როლანდ ბლადაძის საქმის განხილვის პროცესში თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირზე, შეძენილი უძრავი ქონების 54,20 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინის საკითხი და პასუხი გაეცეს საჯარო ინტერესს, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, მოსამართლის მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა შესაძლო კორუფციული სამართალდარღვევას ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ფაქტებს. მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ არ გაიცემა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხა. მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება. ასეთი მითითება აუცილებელია, როდესაც მოსამართლე არ სარგებლობს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის დაქირავების უზრუნველყოფით. მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე დეკლარაციაში აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის პერიოდი ემთხვევა პერიოდს, როდესაც მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის საქმეს და იღებს გიორგი პაპუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამასთან, მხარე მოითხოვს დეტალური შეფასება გაუკეთდეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მხრიდან იმ მოქმედებებსა და კონკრეტულ ქცევებს, რომელმაც შელახა სასამართლოს ავტორიტეტი და ადგილი ჰქონდა მოსამართლის პროფესიული საქმიანობის არაჯეროვან შესრულებას.
ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოითხობს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაფიქსირდეს მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის შემთხვევაშიც. მოსამართლემ განიხილა როლანდ ბლადაძის საქმეზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების შუამდგომლობა განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით და მხარის სამართლებრივი პოზიციის მოსმენის გარეშე, დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება საქმის სამოქალაქო კოლეგიიდან ადმინისტრაციულ კოლეგიაში დამისამართების თაობაზე. ამასთან, ტარიელ ტაბატაძე მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის გამოყენების თაობაზე უარი დაასაბუთა კანონის ანალოგიის საფუძველზე. მოსამართლემ, როგორც განსჯადობის საკითხის დროს, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე განცხადების განხილვისას, დაარღვია პროფესიული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულების ვალდებულება, მის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილება შესრულდა არაჯეროვნად, შეილახა სასამართლოს ნდობა და ავტორიტეტი, ვინაიდან მოსამართლემ ელემენტარული წინდახედულება არ გამოავლინა მხარის საპროცესო თანასწორუფლებიანობისთვის.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძეს, მოსამართლემ ჩაიდინა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას. მისი მხრიდან არაჯეროვნად შესრულდა მოსამართლის მოვალეობა. ასევე, სახეზეა სამოსამართლეო ეთიკის ნორმების დარღვევა, როდესაც მოსამართლემ ერთიდაიმავე საქმე ხელმეორედ განიხილა, ასევე თავად განიხილა მის მიერვე მიღებული გასაჩივრებული განჩინებაც. ამასთან, მხარე მიუთითებს, რომ ნინო ქადაგიძე ამჟამადაც წარმოადგენს იმ სააპელაციო პალატის შემადგენლობაში მყოფ მოსამართლეს, რომელიც განიხილავს როლანდ ბლადაძის სააპელაციო საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რაც მორიგი უკანონობაა და ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და წარმოადგენს მოსამართლის შეუფერებელ საქციელს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოთქვამს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დროულად განიხილავს მოსამართლეების დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე წარდგენილ საჩივარს და დეტალური ყურადღება დაეთმობა საჩივარში მოყვანილ ფაქტებსა და გარემოებებს. ორგანიზაცია მოსამართლის დისცილინურ გადაცდომაზე იუსტიციის უმაღლესს საბჭოში, უკვე მეორედ წარადგენს საჩივარს და აღნიშნავს, რომ საბჭომ უნდა დააჩაქროს გადაწყვეტილებების მიღება.