„ახალგაზრდა ადვოკატებსა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის დავა 29 ნოემბერს განახლდება

25 ოქტომბერი, 2016

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. 25 ოქტომბრის სხდომაზე, სასამართლომ მხარეების შუამდგომლობები მოისმინა. სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის ფოტო-გადაღებასთან დაკავშირებით. ასევე, ინფორმაციის სახით მიიღო თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან 2014 წლის 29 მაისს, გაზეთ „ალიასთან“ დავის თაობაზე მიცემული ინტერვიუ, სადაც განცხადებები ორგანიზაციის ცილისწამებას ეხება. სასამართლომ ინფორმაციის სახით მიიღო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება, საქმეზე: „ახალგაზრდა ადვოკატები“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ“, სადაც ქარტიამ ჟურნალისტი ჟურნალისტური ეთიკის დამრღვევად სცნო. პალატა საქმისწარმოება შეაჩერა ორგანიზაციის კიდევ ერთი შუამდგომლობის მსჯელობიდან, სადაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს საქმეს დაერთოს ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულ შუამდგომლობას თამარ ჩერგოლეიშვილის ადვოკატი, თორნიკე უსტარაშვილი არ დაეთანხმა, თუმცა სასამართლო შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესზე წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე აქტუალური გახდა მხარეთა შორის მორიგების საკითხი. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილთან დავის მორიგებით დასრულების შესახებ თანხმობა გამოხატა და აღნიშნა, რომ თუკი მორიგების აქტში აღინიშნება ის გარემოება, რაც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან სააპელაციო შესაგებელში იქნა გადმოცემული, კერძოდ, სადავო გამონათქვამების საფუძვლად თამარ ჩერგოლეიშვილს არ გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები და გამონათქვამების დადასტურება ან/და უარყოფა შეუძლებელია, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამდა დავა მორიგებით დასრულებულიყო. აღნიშნულს არ დაეთანხმა თამარ ჩერგოლეიშვილის ადვოკატი, თორნიკე უსტარაშვილი და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას დავის დასრულების სურვილისთვის გააჩნდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესაძლებლობა, ხოლო მორიგების აქტთან გათანაბრებული იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტს წარმოადგენდა თამარ ჩერგოლეიშვილის შესაგებელი სააპელაციო სარჩელი. სასამართლომ მხარეთა შორის მორიგების მიზნით, სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, თუმცა შესვენების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილის ადვოკატმა, თორნიკე უსტარაშვილმა განაცხადა, რომ მარწმუნებელი თანახმა არ იყო ამ ფორმით მორიგების პირობებზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამები ორგანიზაციის მიმართ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში პოზიციად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიმართ ორგანიზაცის მეტი ტოლერანტობა უნდა გამოეჩინა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოსგან მოითხოვენ, თამარ ჩერგოლეიშვილს დაეკისროს ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, კერძოდ:

  1. ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერით, გადაცემა „კურიერში", 2014 წლის 5 თებერვალს, 21:23 წუთიდან გასულ სიჟეტში მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: "რასაკვირველია, ეს არის ცილისწამება, წამოწყებული ქართული ოცნების აქტივისტების, იგივე „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ..." მოპასუხემ, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" ეთერითვე, გადაცემა "კურიერში", უარყოს ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.
  2. 2014 წლის 30 იანვარს, მოპასუხე თამარ ჩერგოლეიშვილმა უარყოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადება: „დაფრთხდნენ ოცნების აქტივისტები..." მოპასუხემ უარყოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზემოაღნიშნული განცხადება, ფაქტი, რომ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“– მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს. ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს, კვლევის ავტორების ხელისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოება მიზანმიმართულ შეცდომაში შეჰყავდა, ადგილი ჰქონდა მცდარი ცნობების გავრცელებას, ხოლო თუკი სახელისუფლებო პარტიასთან ფარული დავალებების რაიმე სახის მტკიცებულება არსებობდა, პოლიტიკოსის მეუღლეს საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გაეხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, თინათინ ნიბლოშვილის ფოტოს გამოქვეყნებაც, რომელიც ტრიბუნასთან, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

ორგანიზაციამ მოპასუხის ბრალდებას უპასუხა და მიუთითა, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულ იყო 2012 წლის 21 აპრილს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე. რა დროსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნებულიც არ იყო, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი დამოუკიდებელ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა. თინათინ ნიბლოშვილს ორგანიზაციაში ოფიციალურად აქვს შეჩერებული სადამფუძნებლო საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე დავას ორგანიზაციის ბიოგრაფიისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა შეუძლებელია არ დაეთანხმოს სააპელაციო საჩივრით წარდგენილ არგუმენტაციას და მტკიცებულებათა ერთობლიობას.

ცნობისთვის:  საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში პალატა შემდეგი შემადგენლობით განიხილავს: ხათუნა არევაძე (თავმჯდომარე), ლილი ტყემალაძე და ლევან გვარამია. დავა საერთო სასამართლოებში 2014 წლის 7 მაისიდან დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 2015 წლის 10 დეკემბერს „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2016 წლის 26 იანვარს ორგანიზაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავიდანვე საქმის განმხილველი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე გახლდათ, შემდეგ - ლილი ტყემალაძე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ზემოაღნიშნული მოსამართლეები საქმის განხილვას ჩამოშორდნენ და საქმეს ამჟამად მოსამართლე ხათუნა არევაძე განიხილავს.

საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა 29 ნოემბერს, 17:00 საათზე განახლდება.



კომენტარები