პარტიების პროგრამებში მმართველობის თემა რელისტურად „ქართულ ოცნებას“ გააჩნია

28 სექტემბერი, 2012

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების საარჩევნო პროგრამებში, სახელმწიფო მმართველობის თემა, ყველაზე რეალისტური ხედვით, კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გააჩნიათ.

პარტიების მხრიდან გამოქვეყნებული საარჩევნო პროგრამები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა პროგრამებს შორის სხვაობა სოციალური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საკითხების მიმართ მიდგომებში მაინც არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ იდენტურია პარტიების მხრიდან შემოთავაზებულ პროგრამებში კონსტიტუციური მმართველობის თემაზე გამოთქმული შეხედულებები, თუმცა მათ შორის დამაჯერებლობას მხოლოდ ის კონკრეტული ინიციატივები იმსახურებს, რომლებიც მოცემულ პოლიტიკურ–სამართლებრივ რეალობაში, საზოგადოების განწყობებს გამოხატავს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე სრულყოფილი და საქმიანი საარჩევნო პროგრამა კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ბლოკს გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შვიდი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო პროგრამის შეფასება მოახდინეს, რომლებიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება,“ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა,“ „ახალი მემარჯვენეები“, „ლეიბორისტული პარტია“ „თავისუფალი საქართველო“ და „ქართული დასი“. პარტიების მიერ წარმოდგენილი პროგრამების თანახმად გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტია სამომავლოდაც უერთგულებს ქვეყნის იმ საკონსტიტუციო მოდელს, რომელიც ბოლო ცვლილებების შედეგად მივიღეთ და მმართველობის ე.წ. „შერეული სისტემის“ მომხრე დარჩება. ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ემხრობა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს და ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის საკითხის გატანას რეფერენდუმის გზით აპირებს. „ქრისტიან–დემოკრატებს“ გამართლებულად მიაჩნიათ ისეთი საპარლამენტო მმართველობა, სადაც საკანონმდებლო ოეგანოში აირჩევა პრეზიდენტი და პარლამენტი აკომპლექტებს მთავრობას. „ახლების“ აზრით, მისაღებია საქართველო გახდეს საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელსაც, მომავალში, ჩაანაცვლებს საპარლამენტო მონარქია, ხოლო „ლეიბოროსტები“ მხარს უჭერენ ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობას, სადაც ინსტიტუციების არჩევითობას და კანონების რეფერენდუმის გზით მიღებას მიენიჭება უპირატესობა. რაც შეეხება „თავისუფალ საქართველოს,“ პარტია აღიარებს ეროვნული და მართლმადიდებლური სახელმწიფოს მშენებლობის უპირატესობას, „ქართული დასი“ კი მმართველობის საკითხების გადაჭრას სოციალური საკითხების მოგვარებით ხედავს.

„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის გარდა, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია პირობას დებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი მხრიდან ყურადღება არ არის გამახვილებული მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში ადვოკატის ინსტიტუტის დაცვასა და ხელშეუხებლობაში.

მიგვაჩნია, რომ ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა და დისკრიმინაცია რეალური პრობლემაა და საკითხის მიმართ პოლიტიკური ნების მკაფიო გამოხატვა საჭირო და აუცილებელი იყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა ახალ პარლამენტთან დავიწყოთ კონსულტაცია და წარვუდგინოთ საკანონმდებლო ინიციატივის ცვლილებათა პაკეტი, რაც გაითვალისწინებს კონსტიტუციაში ადვოკატთა ინსტიტუტის სრულყოფილ ასახვას და მეტი დაცვის გარანტიების შექმნას.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ადვოკატთა დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის აუცილებლობის შესახებ 2012 წლის 25 მაისს გამოვთქვით. წინადადებაზე მუშაობა მოკლე ხანში დასრულდება.

 



კომენტარები