სასამართლომ მსჯავრდებულთა წამების საქმე უვადო პატიმრობის მუხლით უნდა დაიწყოს

24 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვხატავთ უკიდურესს პროტესტსს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ქართული მართლმსაჯულება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მთავარი პროკურატურის მოთხოვნის გამტარი და საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებაში ბრალდებულ პირთა წრის ქმედებების დაკვალიფიცირება მოახდინა ჩადენილი დანაშაულის შეუსაბამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და შემზარავი დანაშაულის სამართალწარმოება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 144.1 და 144.3 მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს წამებას და დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას. კანონით, წამება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12–დან 17– წლამდე, ხოლო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა 4–დან 6–წლამდე, რაც არ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, თანაზომიერ და ადეკვატურ ბრალს დანაშაულსა და პასუხისმგებლობას შორის, რაც ქმნის ისეთს რეალობას, რომ სახელმწიფო არ მოქმდებს ასეთი ხარისხის დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობით, სახეზეა ისევ შერჩევითი მართლმსაჯულება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გაუთვალისწინებლობა და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების იგნორირებაც – საქმეზე დაიწყოს ეფექტური გამოძიება და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ბრალდებულები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ იმ ფაქტობრივი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც საჯარო გახდა ფართო საზოგადოებისათვის და რომელიც ცალსახად ამტკიცებს მომხდარში დანაშაულის ერთობლიობას (მუხლი 16) და ჯგუფურ დანაშაულს (მუხლი 27), უნდა მოხდეს სამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა და სამართალწარმოება დაიწყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 408–ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით, პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით, პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას.  კანონის თანახმად, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ვფიქრობთ, წარმოუდგენელია სხვა სასჯელი, რომელიც საქართველოს პატიმრების მიმართ მოპყრობა იმსახურებს.

ცნობისთვის: პროკურატურის შუამდგომლობით, პატიმართა წამებაში ბრალი ედებათ: ბორის ფარულავას, ლევან ფურცხვანიძეს, ლევან ფხალაძეს, ოლეგ ფაცაციას, გურამ ცომაიას, კობა ჩიკვატიას,ხოლო გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, ბრალად ედებათ პირის დამცირებასა და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება.მიუხედავად იმისა, რომ რომ ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ყველაზე აქტიური მოძალადე ციხის ყოფილი უფროს დავით ხუჭუას მოადგილე, სისატიკით ცნობილი  ე.წ. "ვიქტორა" – ვიქტორ ყაჭეიშვილია, პროკურატურამ მას წამების ბრალდება არ წაუყენა. წამებაში არ ედება ბრალი არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილე გაგა მკურნალიძეს.



კომენტარები