„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ პრეცედენტული დავა მოიგო

23 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ პრეცედენტული  დავა მოიგო, რომლის მიხედვითაც, ცენტრს საფუძველი აღარ ექნება საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრას კონკურსანტებს, რომელთა განაცხადიც შეეხება ნაწილობრივი აკადემიური დატვირთვის მქონე (ე.წ. part-time) პროგრამების დაფინანსებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშოროსო ცენტრის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება ნ. შ.-ს განაცხადის და საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის- „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017”-ის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ. მოსარჩელემ 2016 წელს ჩააბარა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. მისი აპლიკაცია და განაცხადი სრულად პასუხობდა ცენტრის მიერ „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017”-ის კონკურსის დებულებით განსაზღვრულ და დადგენილ ყველა მოთხოვნას, პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს.

აპლიკანტს უარი ეთქვა საკონკურსო განაცხადის შინაარსობრივ განხილვაზე, რადგან მისი სამაგისტრო პროგრამა ცენტრის მიერ  ჩაითვალა დისტანციური და დაუსწრებელი სწავლების ფორმად, თუმცა აპლიკანტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წერილში ცალსახად იყო დაფიქსირებული რომ პროგრამის სწავლების ფორმა დასწრებული და არადისტანციურია. ცენტრი საკუთარ პოზიციას ასაბუთებდა თავის დებულებაში არსებული ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, „პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას“. სასამართლომ არ გაიზიარა ცენტრის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნაწილობრივი დატვირთვის მქონე აკადემიური პროგრამა ავტომატურად გულისხმობს სწავლების დისტანციურ/დაუსწრებელ ფორმას. ამასთან, მხარემ სასამართლო წესით დაამტკიცა, რომ მოსარჩელის მიერ არჩეული სამაგისტრო პროგრამის სწავლების ფორმა არის არადისტანციური და დასწრებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელემ სწავლებისთვის სახელმწიფო გრანტი ცენტრის დებულებით განსაზღვრული დამატებითი პროცედურების გავლის შემდეგ უნდა მიიღოს, რაც გულისხმობს ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას და გასაუბრებას. ამ მიმართულებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ამ ეტაპზე ცენტრის მიერ, უკვე ზარალის ანაზღაურების ფორმით გადახდასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელე უკვე სწავლობს ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე.

ორგანიზაციამ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ დავა სამართალწარმოების წესით 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. მოცემულ ეტაპზე უცნობია, გასაჩივრდება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საქმეზე წარმომადგენლობა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა მომავალი საქმიანობისთვის, სამოქმედო დებულებაში უნდა განახორციელოს ცვლილება და მკაფიოდ დაადგინოს სწავლების რა ფორმების მქონე პროგრამების დაფინანსებას (არ) განიხილავს თავისი კონკურსების ფარგლებში; ასევე, უზრუნველყოს ტერმინების - „დისტანციური“ და „დაუსწრებელი“ სწორი და ადეკვატური გავრცელება შესაბამის პროგრამებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს ცენტრის მხრიდან წარმოებული კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას.



კომენტარები