„ახალგაზრდა ადვოკატები“ ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს და ვალერინ ცერცვაძეს მიმართავს

22 იანვარი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასასამართლო ხელისუფლებას წერილით მიმართავს, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე მაღალი სტანდარტის მართმსაჯულება უზრუნველყოს. ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვის ადრესატი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე არიან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, დღეს დადგა საკითხი, პასუხი გაეცეს ერთადერთ შეკითხვას: შესწვს თუ არა სასამართლო სისტემას ძალა როლანდ ბლადაძის საქმეზე მიიღოს პრინციპული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, არის თუ არა მზად სასამართლო თავისი შელახული ღირსება აღადგინოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „პაპუაშვილის საქმეზე“ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით არ ხელმძღვანელობს? „გაატაროთ ყველა საჭირო მოქმედება, რათა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (რომელმაც, ასევე უნდა დაადგინოს, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული წესით უნდა განიხილებოდეს სასარჩელო მოთხოვნები) სწორედ როლანდ ბლადაძის საქმეზე შეძლოს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა“ - ნათქვამია სასამართლოს პირველი პირების მიმართ ოფიციალურ მიმართვაში.

„ჩვენ, მთელი სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ქართულ სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ სასამართლო სისტემის საქმიანობას და წარმოუდგენლად მაღალი მოლოდინი არსებობს, სასამართლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან განცალკევებით, რეალურად იქნება დამოუკიდებელი, პოლიტიკური მოვლენებისგან განზე მდგომი და თავისუფალი ხელისუფლება. მინდა სრულად გავიზიარო პათოსიც, როდესაც „სასამართლოში მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფაა“. სასამართლოს ავტორიტეტს, ნდობას და საზოგადოების განწყობებს არამხოლოდ სწორი საკანონმდებლო რეფორმა ქმნის, არამედ ინდივიდუალური მოსამართლის როლის რეალიზება და კონკრეტული საქმეები, რომელთა სამართლიან და კანონთან შესაბამისს გადაწყვეტილებებს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ, გააჩნია მთავარი და ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა.

სასამართლო სისტემისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ცნობილია როლანდ ბლადაძის რეზონანსული დავა, რომელის განხილვაც, ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარეობს. როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული, სადავო ქონების საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, უკვე დიდი ხანია გაცდა ეროვნული ინსტიტუციების მსჯელობას და საქმეზე არსებობს ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის გამოხმაურებები, რომლებიც ქონებაჩამორთმეულის საქმეზე, სისტემური დანაშაულის არსებობაზე მსჯელობენ და აქვთ პოზიცია - „როდესაც რესტიტუცია შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ“.

მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებისა და როლანდ ბლადაძის უდანაშაულობის დამტკიცებისა, მხარემ ვერ შეძლო კანონიერი გადაწყვეტილების მიღება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვერ შეძლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში, როდესაც სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფის გაუქმების გადაწყვეტილებები ისე მიიღეს მოსამართლეებმა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძირითად სარჩელთან დაკავშირებით, საქმისწარმოებაც არ იყო დაწყებული. საქმეზე სამართალწარმოება განხორციელდა არაერთი საპროცესო ნორმის და უფლების დარღვევით. ჩვენ ყველა დარღვევა დეტალურად შევაფასეთ. საქმის განხილვის და გადაწყვეტილების კანონიერების საკითხზე მხარე სააპელაციო პალატის მეშვეობით ცდილობს ჭეშმარიტების დადგენას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მიერ არსებული გადაცდომების შესახებ კი საჩივარი (2016 წლის 24 ოქტომბერს) წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში, მათ შორის როლანდ ბლადაძის საქმის განმხილველი მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები და მოთხოვნილია სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის შესწავლა.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, როლანდ ბლადაძის საქმეზე, სამართალმა ვერ იზეიმა, სამართლიანი სასამართლო არ შედგა. მოსარჩელე, როგორიც კანონის არსიდან და სულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ ის დღეს ისევ დაზარალებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ჩანიშნულ პირველ სხდომაზე, 2016 წლის 27 ოქტომბერს, როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ჩვენი მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარეს, რომელსაც 2016 წლის 28 ოქტომბერს, წერილით მივმართეთ და ვთხოვეთ, როლანდ ბლადაძის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე დანიშნულიყო მიუკერძოებელი კოლეგია. ჩვენ ამ წერილშიც მივუთითეთ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში არსებული 13 მოსამართლიდან, 7 უფლებამოსილება არ ჰქონდა როლანდ ბლადაძის საქმე განეხილა. წერილით დავასახელეთ ზემოაღნიშნული 7 მოსამართლეც, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარემ საქმე განსახილველად გადასცა შემადგენლობას მერაბ ლომიძის (თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე), თეა ძიმისტარაშვილისა და მირანდა ერემაძის მონაწილეობით. სასამართლო პალატამ 2017 წლის 13 იანვრის სხდომაზე, ისე შეცვალა მოსამართლე მირანდა ერემაძე მოსამართლე ამირან ძაბუნიძის კანდიდატურით, რომ აღნიშნულის შესახებ საქმეში არ არსებობს არც თვითაცილების განჩინება ან ოფიციალური განმარტება, საქმიდან მოსამართლე მირანდა ერემაძის ჩამოშორებასთან დაკავშირებით, რაც მიგვაჩნია, რომ უკვე არღვევს კანონით დადგენილ რეგულაციებს. სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიო გახადა შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ამირან ძაბუნიძის ჩართვა საქმეში წარმოადგენდა სპონტანურ გადაწყვეტილებას და პალატის მანევრს, რადგანაც საქმის განმხილველ შემადგენლობაში მირანდა ერემაძის მონაწილეობა, ავტომატურად გამოიწვევდა პალატის შემადგენლობის საქმიდან აცილების ფაქტს, ვინაიდან მირანდა ერემაძეს, მათ შორის ინსტიტუციური პრინციპით, უფლება არ ჰქონდა საქმეში მონაწილეობა მიეღო.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით სიმართლის ძიებას, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გაადწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე განვითარებული მოვლენები, არ ტოვებს დარღვეულ უფლებებში აღდგენის რწმენას, არ ტოვებს მიუკერძოებელი სასამართლოს განცდას, არ გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სიმართლეს სააპელაციო პალატის პირობებშიც დავამტკიცებთ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნება სამართლიანი სასამართლოს არსებობისა ქვეყანაში არის, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ არ დგება სამართლიანი გადაწყვეტილებები. წაგებული, მერწმუნეთ, რჩება მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო, რომლის კანონიერების სახე გახლავთ ბატონი პაპუაშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, ქრთამის სახით მიღებულ და სხვისთვის უკანონოდ წართმეულ ბინაში, ცხოვრობს, ეს კი სამოსამართლეო ეთიკის ნორმებისათვის, აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი რეალობაა. ამიტომაც, სასამართლოს დღეს აკისრია მაღალი პასუხისმგებლობა - მიიღოს გაბედული, თამამი, მაგრამ კანონიერი გადაწყვეტილებები და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადაცემულ ქონებების ფაქტზე თქვას, რომ ეს ფაქტი იყო მიუღებელი, არასწორი და გაუმართლებელი, რომელმაც ჩრდილი მიაყენა ქვეყანაში საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას.

თავისთავად, სასამართლოს ღირსების გადარჩენა სასამართლოსვე შეუძლია, რაც არ ნიშნავს გადაცემული ბინების ყოფილი თუ მოქმედი მოსამართლეებისთვის ჩამორთმევას. უწინარეს ყოფლისა, ეს ხაზსს გაუსმევს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და შექმნის უმნიშვნელოვანესს პრევენციას, პრეცედენტს, რომ არც ერთი ხელისუფლების პირობებში, მომავალში, სასამართლოსთან ურთიერთობის ფორმა, არ იყოს დამოკიდებული უძრავი თუ მოძრავი ქონებების ჩუქებებთან. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად მხოლოდ სადავოა როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული სახლი. ამასთან, საქმის სამართლიანი გადაწყვეტის შემთხვევაში, გიორგი პაპუაშვილი სახელმწიფოს მხრიდან ავტომატურად მიიღებს ალტერნატიულ ფართს. აღდგება უფლებრივი წონასწორობა, ეს კი მხოლოდ მაღალი სტანდარტის სასამართლოს შეუძლია ამ ქვეყანაში. სხვანაირად, ჩვენ ვერც ევროკავშირში შევალთ, ვერც რეალურ სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებთ და ვერც ცივილიზებულ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდებით.

მოქალაქე როლანდ ბლადაძე ყველა შემთხვევაში მიიღებს საკუთრებაში ბინას, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მართლმსაჯულება დარჩება შეურაცხყოფილი და სახელგატეხილი“- ნათქვამია სასამართლო ხელისუფლების მიმართ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის არჩილ კაიკაციშვილი აწერს. 



კომენტარები