ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილისთვის შემწეობის გაცემის კრიტერიუმების გადახედვის საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება და დაგეგმილი რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივად აქტუალურ საკითხებზე დამატებით ინფორმაციას მიიღებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებით აკვირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილისთვის შემწეობის გაცემის კრიტერიუმების გადახედვის საკითხზე სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა თუ პოლიტიკოსების შეფასებების სანდოობას და აღნიშნავს, რომ მათი ცალკეული შეფასებები რეალობას და რეფორმის ნამდვილობას აცდენილია. შესაბამისად, საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელება იღებს მიზანმიმართულ ხასიათს. ორგანიზაცია არ ემხრობა პრინციპს, რომლის თანახმადაც, 100-ათასს ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი, დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, თანაბრად სარგებლობს სახელმწიფოს მხრიდან 45-ლარიანი შემწეობით. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს შემწეობის გაცემის კრიტერიუმები, დადგინდეს სახელმწიფო სახსრების ხარჯთეფექტურობა და სახელმწიფომ აქცენტი გააკეთოს იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვისაც სახელმწიფო შემწეობის გაორმაგება ნამდვილად სჭირდება.
ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება მოსალოდნელი რეფორმის მიმართ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების და პოლიტიკოსების შეფასებებსაც, რომლებიც მოსალოდნელი რეფორმის მიზანთან ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს გამოთქვამენ. ორგანიზაციის შეფასებით, მათი პროტესტი, აგრეთვე გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სამინისტროს მხრიდან რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პოლიტიკოსების ოჯახის წარმომადგენლები, სწორედაც 45-ლარიან შემწეობას ვეღარ მიიღებენ. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის, თამარ კორძაიას საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებსაც, რომელიც მოსალოდნელი რეფორმის მიმართ საწინააღმდეგო დამოკიდებულებას შეიცავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს, თამარ კორძაიას ოჯახმა, შემოსავლის სახით, მხოლოდ 66,144 ათასი ლარი მიიღო, 2015 წელს - 64,304 ლარი, 2014 წელს - 40,564 ლარი, ხოლო 2013 წელს - 44,600 ლარი. ამავე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი ფლობს უძრავ და მოძრავ ქონებებს. საჯარო ინფორმაციის თანახმადვე, დევნილთა 45-ლარიან შემწეობით სარგებლობს თამარ კორძაიას ოჯახი, ახალი რეფორმის პირობებში კი, ასეთი შესაძლებლობა აღარ ჩნდება. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოების სწორი ინფორმირება, ვინაიდან სახელმწიფოს მომავალი გადაწყვეტილებები საფუძველი გახდეს საარსებო შემწეობების გადანაწილება ობიექტური კრიტერიუმები და სამართლიანობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრაზე იმ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს, თუ რომელი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და შეძლებული ადამიანების ოჯახები იღებს 45-ლარიან შემწეობას. ორგანიზაციამ შეხვედრაზე მიწვევა უკვე მიიღო, რომელიც 3 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.