ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია სრულად უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის პროცესში მონაწილე ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, გაატაროს ყველა ღონისძიება კონსტიტუციური პრინციპების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, 24-ე მუხლით მედიის თავისუფლება, მე-19 მუხლით კი - სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამასთან, ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს 2017 წლის 19 თებერვლის აქციის შესაძლო გავლენაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ და აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი აქციის მიზნიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლება არ უნდა მოექცეს გავლენის ქვეშ და მართლმსაჯულებამ სრულად უნდა უპასუხოს კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობის პრინიცპს.
ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სრულად უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის კანონით დადგენილი რეგულაცია, რათა მოვლენები არ აღმოჩნდეს კანონსაწინააღმდეგო ხასიათის. ამასთან, მნიშვნელოვანია მედიას მიეცეს შესაძლებლობა მიმდინარე მოვლენების გაშუქება უზრუნველყოს ჩარევის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გარეშე. მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეთა სამოქალაქო და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაცვაც, რათა შეკრება და მანიფესტაცია მშვიდონიან ფორმაში განხორციელდეს.