„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ყველა კითხვა, რომელიც მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე არსებობს, სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ უნდა დაისვას. აღნიშნილის შესახებ არჩილ კაიკაციშვილმა პორტალ „კვირას“ პრეს–კლუბის მიწვევით, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცახდა.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინების სამართლიანობის შესახებ, ყველა კითხვა უნდა დამისამართდეს სახელმწიფოს მიმართ. „დღეს ყველა კითხვა, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაზე უნდა დაისვას, უნდა დამისამართდეს სახელმწიფოს მიმართ. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო პოზიტიური ვალდებულების შესრულება „პაპუაშვილის საქმეზე“ დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობაზე. ყველა კითხვა ეკითვნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეკონომიკის სახით არ გააჩინა ის აუცილებელი სივრცე მხარეებისთვის, რომელიც მორიგების წინადადების განხილვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. პარლამენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, არ მოახდინა ამ სამინისტროს კონტროლი, თუ რატომ არ სრულდება პრემიერის მითითებები, მთავრობის განკარგულების პროექტის განხორციელება, რომელიც საქმეზე მორიგებას ითვალისწინებს, ვინ და რატომ არ ასრულებს ამ შეთანხმებებს, რომელიც თავად სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა და არსებობს, სასამართლომ ხელისუფლებამ კი, მიიღო უკიდურესად მიკერძოებული გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ პოლიტიკურ აქტს“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განცხადებით, როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე მორიგებით დასრულების წინადადება პირველად საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, 2016 წლის იანვარში შეხვედრაზე დაისვა. პრემიერის მეშვეობით, შეხვედრა შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრის და შემდგომი კონსულტაციების შედეგად, სამინისტრომ წარმოადგინა დავაზე მორიგების წინადადება საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის სახით, რასაც როლანდ ბლადაძე დაეთანხა, თუმცა დღემდე შეთანხმებები არ სრულდება. „ჩვენი მთავარი კითხვა, სწორედ იმაში მდგომარეობს, აქვს თუ არა ადგილი ეკონომიკის სამინისტროს მაღალი საჯარო მოხელეების მხრიდან პოლიტიკურ საბოტაჟს. აღნიშნული მოხელეები მონაწილეობდნენ 2007 წელს სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონებების საკუთრების უფლებით გადაცემის პროცესში. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ მირიან გამეზარდაშვილი, რომელიც დღეს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილი კაიკაციშვილმა მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ 2017 წლის 21 თებერვალს, როლანდ ბლადაძემ საქართველოში ყოფნის დროს, წერილობითი ფორმით უშუალოდ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას და მორიგების წინადადებაზე, შეხვედრა ითხოვა. სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე სურვილი გამოითქვა, თუმცა არ შემდგარა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, მხარე კვლავ მზად არის დაუბრუნდეს მორიგების წინადადების განხილვას და ამ მიმართულებით, სახელმწიფოს თანხვედრ ნაბიჯს ელოდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილებაზეც, მონაწილეობა მიიღოს ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში. „ჩვენთვის მედიით გახდა ცნობილი, რომ გიორგი პაპუაშვილი კვლავ ღებულობს მონაწილეობას ევროსასამართლოს მოსამართლის საქართველოს შესარჩევ კონკურსში. ჩვენ გვსურს ვთქვათ, რომ გიორგი პაპუაშვილი, პროფესიული თვალსაზრისით, გამოცდილი და წარმატებული იურისტია, თუმცა ის კრიტერიუმები, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, მისი მორალური მხარე არ ჯდება. ვფიქრობთ, რომ ვიდრე „პაპუაშვილის საქმეზე“ არ იქნება სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებები, როდესაც მთელი საქართველო შეთანხმებულია, რომ როლანდ ბლადაძე ქონებაჩამორთმეულია, ქართული სახელმწიფოსგან გიორგი პაპუაშვილს ხელმეორედ გაუჭირდება ნდობის მიღება“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ყველა საერთაშორისო ინსტიტუციას და დიპლომატიურ კორპუსს, მათ შორის ევროსასამართლოს ოფიციალურ წერილს გაუგზავნის როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების ჩაბარებიდან, კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს უზნეაესს სასამართლოს მიემართება.
ცნობისთვის: 2017 წლის 15 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მერაბ ლომიძემ (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძემ განიხილეს.