„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ჩვენ ამ პროექტში ვიყავით სახელმწიფოს საიმედო პარტნიორი

17 მარტი, 2017

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის საზოგადოებრივი ინფორმირების მიმართულების განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიპიარ ჯგუფის" მიერ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრის ფარგლებშიც გაიმართება დოკუმენტური ფილმის „სამშობლოში დაბრუნებულები“ პრეზენტაცია, სადაც ნაჩვენები იქნა პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიმართ გაწეული დახმარების კონკრეტული ფაქტები და სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების ცხოვრება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გამახვილდა პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის მნიშვნელობაზე.

„დღეს სიტყვებს „მადლობა“ და „მადლიერება“, ალბათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით იმ ფაქტს, რომ როდესაც ევროპა მიგრანტების კრიზისს ებრძვის, საქართველოში სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროგრამა ხორციელდება. ეს ნიშნავს სახელმწიფოს სწორ რეინტეგრაციის პოლიტიკას და მიუთითებს სამინისტროს განსაკუთრებულ ძალისხმევაზე. ჩვენი ორგანიზაციისთვის, ამ პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო. მთელი 10 თვის მანძილზე, ჩვენ შეხვედრები გავმართეთ ქვეყნის 6 რეგიონში, სადაც მოსახლეობასთან არალეგალური მიგრაციის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები და მათი ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩავატარეთ. დღევანდელი დღის მდგომარეობით, 24 ბენეფიციარის მიმართ მოხდა იურიდიული დახმარების გაწევა. მადლობას იმსახურებს ორგანიზაციის გუნდიც, რომლებიც მაღალი პროფესიული სტანდარტით მეშვეობით ახორციელებდნენ მათი იურიდიული პრობლემების მოგვარებას ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოებში. პროგრამის ფარგლებში, საუკეთესო სათანამშრომლო პრაქტიკა ჩამოყალიბდა თავად პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციებს შორის. ეს თანამშრომლობა მთლიანად ორიენტირებული აღმოჩნდა ბენეფიციარის საუკეთესეო ინტერესებთან. ამ პროგარმაში ჩვენი მონაწილეობით, ჩვენ ვიყავით სახელმწიფოს საიმედო პარტნიორი. აღნიშნული პროგრამა საუკეთესო მაგალითი იყო მთავრობასთან სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური დიალოგის“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.   

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარების“ პროექტს უკვე მეორედ ახორციელებს. პროექტი 2017 წლის 31 მარტს სრულდება, რომლის შემდგომაც, მიგრანტების უფასო იურიდიულ მომსახურებას სამინისტრო საკუთარი შესაძლებლობით გააგრძელებს. ორგანიზაცია პროექტის შედეგების შესახებ სპეციალური ანგარიშის წარმოდგენასაც გეგმავს. 



კომენტარები