„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარდგენილი კანდიდატი პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია

23 მარტი, 2017

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, შოთა ქადაგიძე აირჩია. შოთა ქადაგიძეს მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობის 90–მა დეპუტატმა გამოუცხადა. მიღებული გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ერთი ვაკანსიის შევსება მოხდა, რომელიც ოთხი წელია თავისუფალია და რომელზეც წევრის არჩევას კანონმდებლები ვერ ახერხებდნენ. ამის მიზეზი მაღალი - 2/3-იანი კვორუმი და დეპუტატებს შორის შეუთანხმებლობა იყო, თუმცა სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2/3-იანი კვორუმი შემცირდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის არჩევა ხმათა 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ წევრ შოთა ქადაგიძეს გააჩნია საერთო სასამართლოების სისტემაში საქმიანობის გამოცდილება, იცნობს სასამართლო სისტემას და აქვს ამ სისტემაში მუშაობის პრაქტიკა. 2001-2006 წლებში, საქმიანობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 2007-2008 წლებში, იყო საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2010-2013 წლებში, საქმიანობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, 2013 წლიდან - დღემდე, გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საერთო სპეციალიზაციით, პრაქტიკოსი ადვოკატი. არის არაერთი წარმატებით დასრულებული სასამართლო დავის ავტორი.

ორგანიზაციამ შოთა ქადაგიძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს 2017 წლის 11 იანვარს წარუდგინა. ორგანიზაცია შემდგომ წარმატებას უსურვებს ბატონ შოთა ქადაგიძეს, მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს გამოთქმული ნდობისთვის და მზად არის შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოსთან.

ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე, შოთა ქადაგიძის კანდიდატურასთან ერთად, დასახელებულია გახლდათ იგორ კოპალიანის, ამირან ზენაიშვილის, ცისმარი ონიანის, მარიამ ცისკაძისა და გრიგოლ გაგნიძის კანდიდატურები. „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარდგენის შემდგომ, შოთა ქადაგიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა კიდევ ერთმა ორგანიზაციამ - „საზოგადოებრივი დამცველი“. 



კომენტარები