„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებასთნ დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ მის დაკავებას და ცემის ფაქტს. ხელისუფლება დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული დაკავებით ცდილობს გაანეიტრალოს ის საყოველთაო პროტესტი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით თბილისში, 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან 21 სექტემბერს თბილისში და 22 სექტემბერს რუსთავში, ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დაკავება პროვოცირების გონივრულ ეჭვს ასაბუთებს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე საზოგადოების მღელვარებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლას ემსახურება და არჩევნების ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემზარავი და მასშტაბური ფაქტების მიმართ შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკური მდგომარეობა უთუოდ მოითხოვს ცვლილებებს არა მხოლოდ მმართველობის სფეროში, არამედ განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენას.
გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იარსებებს, თუკი თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დატოვებს.
გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას წინ უნდა უსწრებდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.